Thursday, June 2, 2011


”ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი,მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალ_წყალა სითხე.” (ვაჟა_ფშაველა)

ყოველი ჭეშმარიტი მწერალი ასახავს რეალურ ფაქტებს, რაც მის გარშემო არსებობს, სოციალურს თუ პოლიტიკურს, ამ მოვლენებისგან მწერლობა ვერ დარჩება იზოლირებული. მიხეილ ჯავახიშვილი თავისი ნაწარმოებებით, პერსონაჟთა მრავალფეროვანი სახეებით წარმოგვიდგენს ისტორიას ჩვენი გაწამებული ქვეყნის ეს გახლდათ კომუნისტური წყობილების დიქტატორული ხანა, რომელშიც სამართლიანობისა და პატიოსნების აღარავის სჯეროდა, ყველა ცდილობდა თავისი თავის გადარჩენას და საკუთარ ტყავს უფრთხილდებოდა. სწორედ იმ დროს, როცა შემოქმედებითი თავისუფლება არ არსებობდა მიხეილ ჯავახიშვილი დაუპირისპირდა მათ პრინციპებს და საკუთარი აზეოვნების კუთხით დაგვიხატა არსებული სინამდვილე. ბევრი ასეთი მწერალი შეიწირა იმ ეპოქამ და გამონაკლისი არც ჯავახიშვილი აღმოჩნდა.

მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია განთქმული ნაწარმოებები : ”ჯაყოს ხიზნები”,, ”თეთრი საყელო”, კვაჭი კვაჭანტირაძე”,” დამპატიჟე”,”ლამბალო და ყაშა”, ”ორი განაჩენი”, მათში ასახული მთავარ პერსონაჟთა სახეები, ასახიერებენ კონკრეტულ ეპოქალურ მოვლენებს. მის ნაწარმოებებში ერთ მხარეს დგანან ძალადობის განმასახიერებელი რევოლუციის შედეგად წარმოქმნილი, სასტიკი პერსონაჟები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ავკაცობას სჩადიან, ხოლო მეორე მხარეს დგანან უბრალო ადამიანები, რომელთაც სასტიკ დროში მსხვერპლის როლი ერგოთ. (ნ. გრიგალაშვილი, ”სკოლაში შესასწავლი მწერლები, ”გამომცემლობა ”უნივერსალი, თბილისი, 2004 წ.)

მიხეილ ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა გახლავთ ”ჩანჩურა”, მოთხრობას საფუძვლად უდევს ერთის შეხედვით უბრალო ამბავი: ერთი მუნჯი, ჯუჯა კაცი, რომლის წარმოშვება, ვინაობა, სადაურობა, ადგილსამყოფელი, გვარი და სახელი და ა. შ. არავინ იცის, დადის ბაზარში და მათხოვრობს. მას ყასბები ხორცსა და ფილტვის ნაჭრებს აძლევენ. ამავე დროს ბაზრის უსაქმო და ლაზღანდარა ბრბო თავს ირთობს ჩანჩურასა და არშუტას ძაღლის მურას ” ბრძოლებით”. ერთი ასეთი შეტაკების შემდეგ დამარცხებული ჩანჩურა გაოგნებული ჩავარდება ეტლის ქვეშ და იღუპება. ეს არის და ეს. ეს ამბავი უდევს საფუძვლედ ამ მოთხრობსა, მაგრამ როგორაა გადმოცემული ეს ამბავი, რა კუთხით დაგვანახებს მწერალი მას, რა გრძნობებს აღგვიძრავს ნაამბობი, ვის მიმართ აღგვაშფოთებს, ვის მიმართ განგვაწყობს თანაგრძნობით_ესაა მთავარი.

მწერალს თხრობა ისე მიჰყავს, რომ თუმც საგანგებო აქცენტირება არსადაა, მაგრამ თხრობის დასაწყისიდან დასასრულამდე მკითხველი შეუნელებლივ და თანაც მზარდი დაძაბულობით მოელის ჩანჩურას თავგადასავლის განვითარებას. მკითხველი ბრაზდება, აღშფოთდება და შემდეგ საბოლოოდ განრისხდება იმ ყასბებზეც, არშუტაზეც, მურაზეც, რომლებმაც ჩანჩურა დაღუპეს. მკითხველი ირონიულად იცინის პოლიციელ პეტროვზე და მის ყეყეჩ ბოქაულზეც, რომლებმაც ვერაფრით ვერ გამოარკვიეს ჩანჩურას ვინაობა, თუმცა ამდენი წლის მანძილზე მათ უბანში ცხოვრობდა; მკითხველი ზიზღს განიცდის პოლიციელი პეტროვის მიმართ იმის გამო, რომ ქურდი და ”სოციალისტი” მაინც დაიჭიროს, რათა სამსახურიდან არ დაითხოვონ.

საბოლოოდ კი მკითხველს ებადება კითხვები: რამ გახადა ყასბები ასეთი უგულონი? რამ გახადა ბრბო ასეთი გულქვა: რამ გამოაყეყეჩა პეტროვი და მისი ბოქაული? ვისი წარმომადგენლები არიან ისინი? რატომაა ჩანჩურა უქონელი და უბედური? რამ გააგდო იგი ქუჩაში? რა პირობებში ხდება ყოველივე ეს? და იგი მიდის დასკვნამდე, რომ ყველაფერი ეს არსებული საზოგადოებრივი ცხოვრების ბრალია. მერე? როგორი უნდა იყოს აზრის განვითარება? აქ ერთადერთი სწორი პასუხი ის იქნება, რომ მკითხველი გამოკვეთილად მივა დასკვნამდე: რაკი ამ პირობებში ხდება ესოდენი სისაძაგლე, მაშ საჭიროა მისი შეცვლა! ეს არის, რისი თქმაც მწერალს სურდა!

ამიტომ არის, რომ ჩვენ მიგვაჩნია: მ. ჯავახიშვილი თავის პირველ მოთხრობებში ზედმიწევნით ამახვილებს სოციალურ_პოლიტიკურ საკითხებს, ოღონდ თავისებური მანერით, არა შიშვლად და პირდაპირ. ბუნებრივად იბადება ინტერესი იმისა, რომ შევხედოთ, მოთხრობებში რა ფორმით, რა საშვალებით ანხორციელებს მიხეილ ჯავახიშვილი თავის იდეურ ჩანაფიქრს. ამ თვალსაზრისით ” ჩანჩურა” შემდეგი მსჯელობის საფუძველს იძლევა:

ავტორი ლაკონურად, მაგრამ ამომწურავად ხედავს ტიპს. ეს შეეხება როგორც გარეგნულ პორტრეტს, ისე ხასიათის გამომჟღავნებელ ქცევას, მოქმედებას თუ ლექსიკურ მხარეს. მაგალითად, ჩანჩურა უფრო სრულად,რომ შევიცნოთ, ავტორი სხარტად აგვიღწერს მის გარეგნობას:”მას მუშტის ოდენა მელოტი თავი აქვს უწვერულვაშო, დაღმეჭილი, ნაოჭებიანი და მიწის ფერი პირსახე, პატარა, ლობიოსოდენა, ღრმად ჩამძვრალი, ზოგჯერ ნატირალი, უფრო ხშირად კი მომღიმარე თვალები. მაჯის სისქე, პირისახეზე უფრო შავი და გამხმარი კისერი. სამი გოჯის სიგრძე და ყავისფერი ტიტველა ფეხები და ათნაირი ფერის ძონძებისაგან შეკერილი შარვალი, რომელიც უფრო ჯუჯა ჩანჩურას მუხლებამდე ძლივღა სწვდება.” ამას დაუმატეთ, რომ ჩანჩურა მუნჯია და პორტრეტიც დასრულებული გამოვა.

მოქმედებაში ჩანჩურას ხაისათი იმაში ვლინდება, რომ იგი ფილტვის ნაჭრებს იპარავს; 12 წლის არშუტას დაბრიყვებული ყავს; პატარა მურა ძაღლს ვერ ერევა; ყიდვა_გაყიდვა რა არის არ იცის და ამიტომ ჰგონია, რომ ყასბები ხორცს ” არიგებენ”, თანაც უკვირს, რომ მას არ აძლევენ; არ იცის ფული რა არის_ამიტომ სიმონა მეპურემ ” ჟესტს” ნაჭერში პური რომ მისცა, გაუკვირდა; მისი გონება ვერ გარკვეულა იმაში, თუ რატომ სდევნის პეტრივი და რას მოითხოვენ მისგან და ა. შ.

კიდევ ერთი შტრიხი: მურასთან ”ბრძოლაში” დამარცხებული ჩანჩურა ბრბომ შებრალების ნაცვლად კიდევ უფრო აბუჩად აიგდო და თავში ერთიორჯერ ჩაუთაქეს... ჩანჩურა ხუთიოდე ნაბიჯზე გადავარდა. მერე ხელმეორედ წამოდგა, თვალებიდან და ტუჩებიდან სისხლისა და ცრემლის ტალახი მოიწმინდა და ყვირილ_ხარხარით და სიმღერით მიმავალი ხალხი რომ დაინახა, თავის სიცოცხლეში პირველად ამიოხრა ადამიანურად.”

ავიღოთ პოლიციელი პეტროვი, როგორ ხატავს ავორი მას? მისი გარეგნობა ავტორს არსად აუღწერია. იგი მხოლოდ მისი ”შინაგანი სამყაროდან” გვიჩვენა, მაგრამ ისე სრულყოფილად, რომ ამ ფოლიციელს ჩვენ თითქოს ვხედავთ კიდეც. ის არის ბრიყვი, გონებაჩლუნგი და სასაცილო: იგი თავს ვერ ართმევს მარტივ მოვალეობასაც კი, რომ ქუჩაში წესრიგი დაამყაროს, თავიდან მოიცილოს ეს ჯუჯა ჩანჩურა და გაიგოს თუნდაც მისი ვინაობა. სხვა ვერაფერი რომ გაუწყვია, ჩანჩურას უსტვენს და სდევნის. მურა ძაღლს და პეტროვს მწერალი რამდენჯერმე მოიხსენიებს და ამითაც მის ხასიათს უსვამს ხაზს.
კიდევ უფრო გამასხარავებულია პოლიციელი ეპიზოდში ჩანჩურას გასრასი შემდეგ, სადაც იგი მურა დასდევს დასაჭერად: ”ათი წუთის შემდეგ პეტროვი მშვიდობიანობის ნამდვილ დამრღვევს მურას დასდევდა. ნამდვილი დამნაშავე პეტროვის გასაჯავრებლად ზოგჯერ წინ უცუცქდებოდა, ”სლუჟს” უკეთებდა. თითქოს ძაღლიც კი აბუჩად იგდებს პეტროვს, არაფრად აგდებს და წინ გამაღიზიანებლად უცუცქდება. რას აკეთებს ამ დროს ხალხი? ხალხი ხარხარებს და პეტროვს მწარედ დასცინის:” ხალხი ისე გულიანდ იცინოდა და თავის საყვარელ ფალავანს (ე. ი. მურას) უფრო და უფრო აქეზებდა.

ყოჩაღ მურა! მალადეც ,მურა!
ასეთ სასაცილო ვითარებაში აყენებს მწერალი პეტროვს და აკი ხალხი ხარხარებს კიდეც. არანაკლები ყეყეჩია ბოქაულიც.

მწარე დაცინვა, მეფის მოხელეთა გამოყვანა ყეყეჩებად და ბრიყვაბად, გონებაჩლუნგებად და მხდალებად მწერლის იდეური ჩანაფიქრის ხორცშესხმის ერთ_ერთი მთავარი ხერხია.

მოთხრობის დასაწყისი და ფინალი ერთნაირია, ორივეგან პეტროვის საგონებელში ჩავარდნაა ნაჩვენები იმის გამო, რომ ჩანჩურას ვინაობა ვერ გაიგო, ორივეგან გამოყვანილია ბოქაულიც თავისი ”ბრძნული” მითითებებით ხელქვეითისადმი. ეს ხერხი წრესავით ჰკრავს იმ ძირითად ამბავს, რაც მოთხრობით გადმოგვცა მწერალმა.
მოთხრობის ასეთი კომპოზიციური შეკვრა, დასაწყისისა და დასასრულის აზრობრივი დაკავშირება, ბოქაულისა და პეტროვის მწერლის მიერ ორივე ადგილას ასე წარმოდგენა გამიზნული გადაწყვეტილებაა, რათა მთავარი სათქმელი_არსებული წყობილების , მისი მოხელეების ბუნების გაშიშვლება_მხილება_უფრო მკაფიოდ გამოკვეთილად და დასამახსოვრებლად გვითხრას.

” ჩანჩურაში მწერალი მრავალ მოხდენილ ხერხს, მხატვრულ საშვალებას იყენებს, რათა შთამბეჭდავად გადმოგვცეს ნაწარმოების იდეური ჩანაფიქრი, რაც, როგორც ზემოთ შევეცადეთ დაგვემტკიცებინა, არსებული წყობილების მხილება_დაცინვაში, მის წინააღმდეგ მკითხველთა ამხედრებაში მდგომარეობს.
ასე წარმოგვიდგება მიხეილ ჯავახიშვილის კალმის პირველი ნაყოფი პირველი მოთხრობა ”ჩანჩურა.” (ტ. კვანჭილაშვილი, ”მ. ჯავახიშვილის შემოქმედება,”გამომცემლობა, ”განათლება”, თბილისი, 1966წ.)

მოთხრობაში ”დამპატიჟე”, მთავარ მოქმედ პირს ორაზროვანი, დამაფიქრებელი სახელი ჰქვია, რომელიც მიგვანიშნებს რაღაცაზე ან ვიღაცაზე, ეს სახელი მოდის ნაწარმოების ერთ_ერთი მთავარი გმირის _ოქროპირის ზედმეტსახელიდან, რაც ამ პიროვნების ბუნებას შეესატყვისება. მთავარი გმირი განზოგადებულია თავისი ხასიათით, თვისებებით, ნაწარმოებებში განვითარებული შედეგებით ”წითელ ეშმასთან”, ჯაყო და ოქროპირი ორივე რევოლუციის წარმონაქმნია, მაგრამ დამპატიჟე ავტორს უფრო რბილი ფორმით ჰყავს წარმოდგენილი, იგი თითქოს საწყისი ეტაპია რევოლუციის, ხოლო ჯაყო მყარად ფესვგადგმილი წყობილება.

ნაწარმოებში ნაჩვენებია მებაღე თევდორე, რომელსაც ჰყავს ერთგული ცოლი მაკინე და ერთი ქალიშვილი ბაბალე. თევდორე შრომისმოყვარე კაცია, ის დღედაღამ ბარს, თოხს და სხვა იარაღებს ატრიალებ. ის ემსახურება ბატონს, ოფლს ღვრის მისთვის.
მაგრამ ”სადღაც რაღაც მოხდა” და ბატონი გაიქცა. ახალმა დრომ ნაბატონარის ორსართულიანი სახლი და ბაღი თევდორეს გადასცა_ შენი ოფლით არის მორწყული და შენვე მოიხმარეო. მაკინე და თევდორე სიხარულით ცას ეწივნენ და უფრო მხნედ შრომობდნენ.

მაგრამ ეს სიხარული მალე შეეცვალათ: ვიღაცეები მოვიდნენ და ერთი აყლაყუდა ცუღლუტი ახალგაზრდა მოიყვანეს_ეს შენი ამხანაგი იქნება, სახლშიც ბინა მიეცი და ბაღშიც შეიამხანაგეო. ეს არის სწორედ ოქროპირი. თევდორემ სახელი რომ ჰკითხა, მან ოხუნჯობით მიუგო_დამპატიჟე მქვიაო..

დამპატიჟე უქნარაა, ზარმაცი, ცუღლუტია. მას სადღაც ვიღაც ჰყავს. ”ის კაცი” მიწას წაართმევს. თევდორეს ნუ ეშინია_თუ საქმე გაჭირდება, ”ის კაცი” მიეხმარება.
თევდორე შრომობს, დამპატიჟე კი ”გოჭოს დუქანში” ქეიფობს დღენიადაგ და თავის საყვარელ სიმღერას_”ორი ქოთანი ვიყიდე, ვაი..” მღერის განუწყვეტლივ.
აი , ასეთი გახლავთ ”დამპატიჟე”, ის დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელიც დაუკითხავდ ყოველგვარი ახსნა_განმარტების გარეშე ჩაუსახლდება მშრომელ გლეხს თევდორეს და მოწილედ გაუხდება.

" თევდორემ არ იცის, როგორ მოხდა, რომ ვიღაც ოქროპირი მეტსახელად ”დამპატიჟე”, მზამზარეულს მიუჯდა და წლის სარჩო გაუნახევრა. თევდორემ მთელ წელიწადს იმუშავა წელი მოიწყვიტა... ახლა კი ვიღაც უცნობმა_მეორე უცნობი მოუყვანა, მონახევრედ ჩაუსახლა. სად არის სამართალი!” ოქროპირმა ესეც არ იკმარა ქალიშვილიც შეუცდინა, საბოლოოდ, კი მათთან დამოყვრებით მთელი ქონების ბატონ_პატრონი შეიქმნა. აქვე უნდა აღინიშნოს ამ მოთხრობის დასასრულიც: ”ოთხფეხს ტკიპი შეუჩნდება, ფუტკარს წინწკალე ჩაუჯდება, ხეს ხავსი და ფითრი მოეკიდება, კლდესაც კი ფითალი ჩაექსოვება და ასე ცხოვრობენ სხვისი წვენით.” ასეთები იყვნენ რევოლუციის სინონომებად ქცეული პერსონაჟები.

”დამპატიჟეში” თვით დამპატიჟე თუმც დროებით პარპაშებს და ხელს ითბობს სხვის ქონებაზე, ახალ ცხოვრებას მეწველ ფურად იხდის, მაგრამ ეს დროებითია, საბოლოოდ ისიც მარცხდება, ისჯება და გაპანღურებული რჩება; გაიმარჯვებს სიმართლე.
ამ ნაწარმოებებში მწერალმა დაგვიხატა არა მხოლოდ ერთი დამპატიჟე, არამედ სხადასხვა სიტოაციაში აღმოცენებული სხვადასხვა რჯურისა და მასშტაბის კვაჭები, ჯაყო, დამპატიჟე, რომლებიც უსინდისოდ ითბობენ ხელს შექმნილ ვითარებაში და დროებით პარპაშობენ, მაგრამ მათი თვითნებობის დღე მოკლეა, ისინი ისჯებიან, მარცხდებიან... (ტ. კვანჭილაშვილი,”მ. ჯავახიშვილის შემოქმედება”, გამომცემლობა ”განათლება”, თბილისი, 1966 წ.)

ჯავის ხეობიდან ქართლში, ხევისთავების მამულში, სამადლოდ შეხიზნული მეინახე მოხერხებულად უღებს ალღოს ვითარებას, სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და სულ მალე თავად ხდება ხევისთავთა კარ_მიდამოს პატრონი. მის არსებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობენ ძაღლური ერთგულება და მგლური სიხარბე. გააჩნია, როდის, სად და ვისთან რაა საჭირო. (ა. ნიკოლეიშვილი, ”ნარკვევები მე_20 საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიიდან, გამომცემლობა ”მოწამეთა”, ქუთაისი, 1994 წ.)
თეიმურაზს არა თუ თვითონ არ შესწევს უნარი მოუაროს შთამომავლობით მიღებულ დოვლათს და დაიცვას ისეთი მტაცებლისაგან როგორიც ჯაყოა, არამედ სხვის ნათქვამზედაც ვერ ახდენს რიაგირებას.

ვინც მხოლოდ ძველით სულდგმულობს, მხოლოდ უკან იხედება, მხოლოდ წარსულს ქექავს და დღეს კი არაფერს ქმნის, აკეთებს, ის განწირულია დასაღუპად, იგი ცხოვრებას არ გამოადგება, ასევე_მას არ გამოადგება ცხოვრება. მართლაც, ვიღაც ჯაყო_უმეცარი და ხეპრე, უსწავლელი რეგვენი ნასწავლ, განათლებულ ხევისთავს საცხოვრებელს ხელიდან აცლის და მშრალზე სვამს, ამ დროს კი ხევისთავი ძველ გურჯებს ქექავს... თავისი უსუსურობითა და უნიათობით ხელს უწყობს ” ტყიდან გამოვარდნილ დათვს”_ჯაყოს გამდიდრებას, რასაც შედეგად მოჰყვება მშრომელების დაწიოკება და შევიწროვება. საბოლოო ანგარიშში ნებსით თუ უნებლიედ, თეიმურაზი მშრომელთა ჩაგვრის ხელშემწყობად გამოდის და სხვა არაფერი. ასე რომ, მისი ”დემოკრატიული” იდეალები სიტყვით სხვაა, ხოლო საქმითა და პრაქტიკული შედეგით კი სხვა გამოდის.
ნაწარმოების არა ერთი და ორი ეპიზოდიდან ვრწმუნდებით, რომ ჯაყო თავის ბატონს რევოლუციამდეც კადნიერად და ხეპრულად ექცეოდა, ბევრს უბედავდა. ეს კი იმიტომ, რომ ამ ბანჯგვლიანმა დათვმა ადრე იგრძნო თეიმურაზის სისუსტე და თავისი უპირატესობა, რაც ძლიერ ორგანიზმსა და ღონეში, ამასთანავე ცხოვრებისეულ ”ვირეშმაკობაში” გამოიხატებოდა.

ჯაყოობა გულისხმობს, მოჩვენებითობას, უპრინციპობას, ძალადობას, უღირსობას, გაიძვერობას, სხვის დაუნდობელ ყვლეფას, სხვისი ქონების თავხედურდ დაპატრონებას, უმადურებას, უმეცრებას და უკანონობას.

ბოლოს ნაწარმოებში ჯაყოს აღსასრულიც დგება , რადგან ჯაყო ყოველთვის იქეთკენ იხრებოდა საითკენაც სარგებელს მოელოდა, მაგრამ არ შერჩა მუხანათობა. იგი რევოლუციის ტკიპი, წურბელა და მუნი იყო. ცხადია, რევოლუცია ვერ მოითმენდა ასეთ სენს.

აბობოქრებული ხალხი სამართლის დასამყარებლად მივიდა. დამფრთხალი ჯაყო სიტყვას თხოულობს, ხალხმა ათქმევინა სიტყვა, მაგრამ ჯაყომ აქაც გამოამჟღავნა თავისი მუხანათობა, ამიტომ ხალხის რისხვას იმსახურებს. როცა ჯაყო ამბობს ”რევოლუციამ ყველას მიწა და სამართალი მისცა, ხალხი აწყვეტინებს_” მე სამი დღიური და შენ ასი?” ეს განა რევოლუციამ მისცა ჯაყოს? არა, ეს იცის ხალხმა და აქ სწორედ იმიტომ მოსულა, რომ მართალი სამართალი დაამყაროს. ჯაყოს ბატონკაცური მდგომარეობა ხანმოკლე აღმოჩნდა, ფუფუნება მასაც წაართვეს. ჩამოართვეს ნაბატონარის ნაქურდალი: მიწები, სასახლე, ავეჯი, განძი.

გამწარებული ჯაყო გლეხ ნინიკას ეცემა, თითქოს ამით გადაარჩენდა თავის სიმდიდრეს. და აი, აქ , ამ შეტაკებაში მოსჩანს განწირული კულაკის, ხალხის სისხლის მწოველის უკანასკნელი გაბრძოლება თავისი ბატონკაცური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ რაღა დროს წინააღმდეგობაზე ფიქრია: ჯაყოების წუთისოფელი დათვლილია, ისინიც ისპობიან, როგორც ცოტა ადრე ხევისთავებს დაემართა. ეს შეტაკება დიდ აზრს იტევს. მასში მხატვრულად გახსნილია ამ საკითხის მთელი არსი და ჩვენც ამიტომ გვინდა ეს სხარტად დაწერილი ეპიზოდი ამოვწეროთ: ჯაყოს ” თვალები სისხლით ჰქონდა სავსე, ღორჯები დაკრეჭილი, მკლავები მომართული და ისე პარვით მიდიოდა, როგორც მონადირე მხეცი ეპარება ხოლმე სანადიროს!
_ნინიკა ფრთხილად!

და იმავე წამს ისკუპა და ნინიკამაც მოიხედა. მოიხედა და ერთი ნაბიჯით გვერდზე გასხლტა. მოქნეულმა ტორმა მხარზე გაჰკრა, თვითონ ჯაყო კი ბოძს დაეტაკა და იმავე წამს ყურის ძირში ნინიკას მუშტი იგრძნო, თითქოს ის რკინა, მუხის კარს რომ სცემდნენ, ჯაყოს მოხვდაო. თავმა კივილი გაიღო, თვალთ დაუბნელდა, წატორტმანდა, მაგრამ გასწორდა და მიწაზე სახრე დაინახა. დასწვდა მოტრიალდა, ჰაერი შეაზუილა და ნინიკას ბეჭებზე გადაუჭირა. ნინიკა შეიკლაკნა და _ დასწყევლოს ღმერთმა! ვინ მიაჩეჩა ასე უცბად კომბალი. ან აქ სად იპოვა!_ და თავგახეთქილი ჯაყო ბოძის ძირთან დაეცა..”
აქ სიმბოლურად არის დახატული ეს ცოცხალი და ამავე დროს მრავლის მთქმელი სცენა. ნინიკამ დასცა ჯაყო, ის თავგახეთქილი გდია. ამ ეპიზოდში ხაზგასმულია მშრომელითა საბოლოო გამარჯვება უწმინდურებაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე სახეს იცვლიდა და სხვადასხვა ფორმით მათ სიცოცხლეს უმწარებდა. (ტ. კვანჭილაშვილი,”მ. ჯავახიშვილის შემოქმედება”, გამომცემლობა ”განათლება”, თბილისი, 1966 წ.)

არც ერთ მწერალთან და თვით ჯავახიშვილის სხვა თხზულებებშიდაც არ არის ისე მძაფრად, ისე მოურიდებლად ისეთი პირდაპირობით ნაჩვენები ჩრდილოელი დამპყრობლის ვერაგული სახე, როგორც ”ლამბალო და ყაშაში”.

ამ ვრცელ მოთხრობაში ნაჩვენებია რუსთა თარეში დაპყრობილ ირანის ტერიტორიაზე, ურმიაში ძველ ალბანელთა მიწაწყალზე.

გენერალი ჩერნოზუბოვი, ეპისკოპოსი პავლე, კომენდანტი ბერეზოვსკი, კონსული ნერატოვი_ყველა ესენი დამპყრობელ რუსთა სახელმწიფოს ხორცშესხმული ხატებანია, ხოლო სხვათა მიწაზე ჯალათად მოვლინებული ყაშა ლაზარე, აისორი მღვდელი სისხლით ხორცამდე კაცთმოძულეები არიან, რომლებიც მონური მორჩილებით ახორციელებენ რუსული მმართველი წრეების დავალებებს.
ეპისკოპოსი პავლე ანაფორა გადაცმული მგელია, რომელიც იმპერიის მგლურ კანონებს ლოცვითა და ჯვრით, ხოლო იქ, სადაც ჯვარი არ ჭრის, დასმენითა და ანაფორის ქვეშ ჩამალული ხანჯლით განამტკიცებს.

ეპისკოპოსს სძულს ყველაფერი არარუსული, მისთვის ადამიანები არ არიან არა მხოლოდ მუსულმანები, ”წუპაკი პერსიუკები,” არამედ_ერთმორწმუნე ქართველებიც.
გავიხსენოთ ქართველი ექიმისა და ეპისკოპოსის პავლეს პირველი შეხვედრისას შემდგარი ”ღირსსახსოვარი” დიალოგი.

ეპისკოპოსი პავლე:”თქვენ ქართველი ბრძანდებით არა?”

ექიმი:”დიაღ, ქართველი გახლავართ.”

”მან თანაგრძნობითა და ნუგეშით მიპასუხა:

ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგან ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება.”

მთავარი კრედო ანაფორაში გადაცმული სისხლიანი დამპყრობლის: ”წმინდა რუსეთის განუყრელ აზერბაიჯანში, აქვე თავრიზში, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე ”ვალიაგდი” იჯდეს და ფიქრობდეს თავრიზი და ურმია სპარსეთს ეკუთვნოდეს! როგორ არა! ვერ მივარტვით! რუსებმა აქ კი მიტომ არ დაღვარეს ესოდენი სისხლი, რომ მერმე ბარგი აიკრიფონ და უკანვე დაბრუნდნენ.” სანამ ეპისკოპოსი პავლე ცოცხალია, ”პერსიუკები ამას ვერ მოესწრებიან.”

პავლე ეპისკოპოსის სიამის ტყუპისცალია ყაშა ლაზარე, მამის მკვლელი, უზნეობის ჭაობში ბოლომდე ჩაძირული, მღვდლად მოვლენილი კაცთმოძულე. ეპისკოპოსი მას ყველაფრის უფლებას აძლევს, რათა ყაშას სადისტური ბუნება ნორმად იქცეს, ვინაიდან იმ ქვეყნის სამართალი, რომლის იდეოლოგიური უზრუნველყოფა პავლეს ავალია, ძალმომრეობაზე დგას. ყველაზე უკეთ ეს წარმოჩინდა დამნაშავე მუსლიმანების გაროზგვის სიუჟეტით მართლმადიდებელთა ეზოში დამნაშავე მუსლიმებს ტყავს აძრობდნენ.

გარეთ მხდალი და შინ ძლიერი მმართველის სახე გახლდათ ითიმად უდ დოულე, ურმიის ახლად დანიშნული გენერალ_გუბერნატორი, კაცი სპარსი, ”დამშვენებული რუსის სამხრეებით, ტიპიური წარმომადგენელი მტრის სამსახურში ჩამდგარი ადგილობრივი მმართველ_რენეგატისა.

თხრობის დასაწყისშივე მწერალი მას დამახასიათებელი შტრიხებით გვაცნობს_მატარებლიდან გადმოვიდაო ”დიდი ამალით და ფახით.” რომელსაც პომპეზური შეხვედრა მოუწყვეს ადგილობრივებმა.

აღწერილი სცენის მიხედვით წარმოგვიდგება ძალაუფლებით აღჭურვილი ძლიერი მმართველი, რომელსაც ძალა შესწევს ქადილისა და ნამდვილი ბატონ_პატრონია თავისი საგანმგებლოსი. სინამდვილეში კი იგი თავიდან ბოლომდე ბუტაფორია გახლავთ. მისი სიძლიერე საკუთარი დაბეჩავებული ხალხის გათელვით გამოიხატება.

დამხვდურათა შორის ახოვანი გენერალი ჩერნოზუბოვი იმყოფებოდა, ხოლო გენერლის იქ ყოფნა ამბობდა:” მე რუსეთის,_გენერალი ჩერნოზუბოვი,_ამ ქვეყნის ნამდვილი ბატონი, აქა ვარ და აქვე დავრჩები, შენ კი ითიმად უდ დოულე, პატარა სტუმარი ხარ და მეტი არაფერი.”

გენერალ_გუბერნატორი ხანდახან ძალიან ჩუმად, გაუბედევად თუ წამოიკნავლებდს ვიღუპებით.. სპარსეთის ლომი დაბერდა.. ურუსი და ენგლიზი საბოლოოდ გაიყოფენ ირანსო, მაგრამ ქვეყანასთან ერთად თავადაც რომ არ დაიღუპოს, მზად არის საკუთარ თვისტომთ, თუ კი ურუსის მითითება იქნება უყოყმანოდ გამოუყვანოს წირვა, მაგრამ რუსეთის პოლიტიკაა... ზედმეტად არ გააღიზიანოს დაპყრობილი ხალხი. შეუქმნას ილუზია, რომ თავიანთ ქვეყანას თავადვე მართავენ. სინამდვილეში კი ჰყავთ გუბერნატორად ის, ვისაც ბოჩოლოსავით გამოაბამს თოკს და, საითაც უნდა იქით წაათრევს.

ამ პერსონაჟების ფონზე არიან უბრალო ადამიანები არამარტო ამ მოთხრობაში, არამედ ჯავახიშვილის სხვა ნაწარმოებებშიც, რომელთაც სასტიკ დროში მსხვერპილი როლი ერგოთ. ამის ნათელი მაგალითია ლამბალოს სახე, რომელიც იმავდროულად ასახავს ჩაგრული ქვეყნის ბედს, ხოლო მთხრობელი ქართველი ექიმი, რომლის პროტოტიპი უთუოდ თავად ჯავახიშვილია და ნაწარმოების ერთ_ერთი პერსონაჟი გიორგი მინდიაშვილი სხვის ომში ძალით ჩათრეული, თავიანთი ქვეყნის ტკივილს განასახიერებენ.

ქართველი ექიმი იცავს ლამბალოს და იცავს მის ხალხსაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს ზღვა სისხლი მართებს ექიმის მშობელი ქვეყნის, მაგრამ ჩაგრული ქვეყნის შველმა ყველაზე უკეთ იცის, რას განიცდიან მის ბედში მყოფნი და თანაგრძნობაც მათი უჩნდება.

ასევე რევოლუციის მსხვერპილია ”ჯაყოს ხიზნების” ერთ_ერთი მთავარი მოქმედი პირი თეიმურაზ ხევისთავი, ნაკაცარი, რომელსაც მწერალი უწოდებს მას. ამით თითქოს გამოხათულია ავტორის დამოკიდებულება ამ პერსონაჟისადმი. იგი იტევს სიბრალულსაც და თანაგრძნობასაც, იმავდროულად ზიზღსაც და სიძულვილსაც.
თეიმურაზი მარტოდ_მარტო აღმოჩნდა ცხოვრების ულმობელ მოედანზე. გულკეთილი და განათლებული ავაზაკებს შორის, თავადი, უკანასკნელი შთამომავალი ხევისთავთა გვარისა, იგი ”საქვეყნო ზრუნვით იყო ორსული”, საბოლოოდ ისე ჩაიარა საზოგადო საქმიანობამ დიდ წუმპეში ამოჰყო თავი. რევოლუციურმა ხელისუფლებამ მიწასთან გაასწორა თავადაზნაურების ყოფა_ცხოვრება და რასაკვირველია, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ხევისთავის მოღვაწეობაზე. სწორედ მაშინდელმა წყობილებამ გააბატონა ჯაყოსნაირები, რომლებმაც დაუნდობლად მიჰყვეს ხელი სხვისი ქონების თვახედურ დაპატრონებას.

ასეთია თეიმურაზ ხევისთავის პიროვნება რევოლუციამდე , ასეთი ხვდება ის რევოლუციას. თეიმურაზმა თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა, რატომ ახარებდა რევოლუცია, რომელიც მისი კლასის მოსასპობად მოხდა, ის ბრმა იყო და ბეცი იყო, იგი ფეხის ხმას აჰყოლოდა და თავისი დაღუპვის მოახლოებას კი ვერ გრძნობდა. მაგრამ ცხოვრება ისე წარიმართა, რომ გრძნობა აღარ ესაჭიროებოდა თეიმურაზს, რადგან ახლმა ცხოვრებამ მას მალე ხელი ისე ღონივრად ჩასჭიდა და შეანჯღრია, რომ გრძნობის გარეშეც მიხვდებოდა ცხადსა და ნამდვილს. მიხვდა და ეწამა კიდეც. გატვრინდა და აიმრიზა:” გაუმარჯოსო” აღარ გაიძახოდა და აღარც წითელ დროშას იქნევდა.

თეიმურაზს ცხადია ახალ საზოგადოებაში ადგილი აღარ აქვს, ის არავის სჭირდება, ამიტომ იძულებულია ლუკმაპურზე იზრუნოს, რადგან არსებობა უნდოდა მასაც და მარგოსაც. მამულების გაყიდვა ადრევე დაიწყო, გასაყიდი ბოლოს აღარაფერი ჰქონდა.
”წიგნის ჩრჩილმა” თავისი განათლება ვერაფერში გამოიყენა, რა აზრი აქვს ისეთ ცოდნას, თუ ადამიანს არ შესწევს უნარი თავის საკეთილდღეოდ მოიხმაროს. მიუხედავად განათლებისა, მან ვერაფრით აჯობა ხეპრე, გაუთლელ, უმეცარ, ”ტყიურ დათვს” ჯაყოს, რომელმაც მისი ქონება და ცოლი მიითვისა.

თეიმურაზი უიღბლო იყო,იგი ბედმა დაჩაგრა, მაგრამ უსულო წიგნები და გაზეთები ამჯობინა ენერგიულ მეუღლეს. ხევისთავი არ იყო ვაჟკაცური ღირსებებით შემკული ადამიანი და არ შესწევდა ძალა გამკლავებოდა მოძალადე ჯაყოს. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ცოლ_ქმრის განშორება. თეიმურაზი ყველამ გარიყა, მათ შორის უსაყვარლესმა ქალმაც, რომელმაც ჭიასავით გასრისა, უბადრუკი ”ნაკაცარი”.
მწერალი საგანგებოდ უსვამს ხაზს თეიმურაზის მამაკაცურ სისუსტეს და სწორადაც იქცევა. ამას შემდგემში თავისი გამართლება ეძლევა, როცა მარგოს ჯაყოსთან კავშირის უპირატესობასაც კი აძლევს. ხევისთავი და მარგო ჯერ კიდევ ახალი დაქორწინებულნი იყვნენ, მაგრამ ცოლისადმი სიცივე მაშინვე შეემჩნა თეიმურაზს, ამაზე ავტორი წერს:” თეიმურაზს ძარღვებიც სისხლის მაგივრად თითქოს გაზეთების ნაგლეჯებით ჰქონდა გატენილი...”

თეიმურაზის ტრაგედიის მიზეზი ისცაა,რომ იგი ახალ ქვეყანას ვერ ურიგდება, მაგრამ, ცხოვრებას ”გუმანშიაც არ ჰქონდა პირუკუღმა მოტრიალება.”
აი ,ვინ არის თეიმურაზ ხევისთავი, თავისი კლასის ტიპიური წარმომადგენელი, ადრე დაღუპული და გვიან დამარხული, რამაც მისი აყროლება გამიოწვია... ხევისთავი ყოველგვარ უბედურებას მოესწრო: მშობლების დაკარგვასაც, სახლ_კარისაც, უფლებებისაც, ლუკმა_პურისაც... იგი ყოფილი მოჯამაგირის_ჯაყოს ხიზანი გახდა. თეიმურაზს ცოლიც გაუდგა, ჯერ უნებურად, მაგრამ მერე და მერე ნებითა და სურვილითაც გახდა ჯაყოს ხასა. მერმე თეიმურაზი თვითონვე ესწრება თავისი ცოლის ჯვრისწერას ჯაყოსთან და ნოქრად უდგება ყოფილ მოჯამაგირეს, აწ კი კულაკს_ჯაყოს. იგი დამცირებული, გალახული, შეურაცხყოფილი და დალაჩრებულია. ძნელია წარმოვიდგინოთ სხვა ადამიანი, რომელსაც ასე ყველაფერი დაეკარგოს_ქონებაც და სახელიც, პატივიც და სიამაყეც, თავმოყვარეობაც და ოჯახიც, ვაჟკაცობაც და იდეალებიც, პოლიტიკაც და ეკონომიკაც და იტანდეს ყოველივეს, მაინც ცოცხლობდეს!

მწერალი არ კლავს თეიმურაზს, იგი ფიზიკურად ცოცხალი რჩება, მაგრამ არა იმიტომ რომ ის ამის ღირსია, არამედ იმისათვის, რომ კიდევ იწვალოს, კიდევ მრავალი სიმწარე ნახოს, რადგან მას ეს დამსახურებული აქვს, როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ... მწერალი არ კლავს თეიმურაზს იმიტომაც, რომ სადღაც იმედი აქვს_ეგებ მოვიდეს ახალ ცხოვრებასთან, რომელიც მას შეუნდობს, აპატიებს, თუკი ხალხის სამსახურში ჩადეგება და ნამღვდელარ ივანესავით პატიოსნად იშრომებს, მთელი გულით გაიზიარებს ხალხის ბედ _იღბალს... (ტ. კვანჭილაშვილი,”მ. ჯავახიშვილის შემოქმედება”, გამომცემლობა ”განათლება”, თბილისი, 1966 წ.)

”თეთრ საყელოში” ძალზედ საინტერსოო პერსონაჟია ელიზბარი, ამ ადამიანს ორი სახელი აქვს, მისი ცხოვრებაც თითქოს ორაზროვანია ქალაქსა და სოფელში. ხევსურეთში მას ვაჟიკას ეძახიან, ქალაქში_ელიზბარს, რომელიც მისი ნამდველი სახელია.
ელიზბარი დაღალა ცხოვრებამ ”ქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით აბორიალა.” ბოლოს თავი ”ჯურხაანთკარს ” შეაფარა, რომელიც მოწყვატეილი იყო ცივილიზაციას. იქ ყველაფერი სუფთა და უბოროტო ჩანს, გულუბრყილო, ხელუხლებელი ტრადიციებით, მხოლოდ იქ ვერ შეეღწია ”წითელ ურჩხულს”, ”არც ხელისუფლება, არც მანქანა, არც გადასახადი, არც ადგილკომი, არც ელექტრონი, არც კომკავშირი.” განსხვავებით ქალაქისაგან, სადაც ჰყავდა არატრადიციული ოჯახი, მისი ცოლი ცუცქია ელიზბარის მამაკაცურ სისუსტედ შეიძლება ჩავთვალოდ, რადგან თავის ჭკუაზე ატარებდა ქმარს, ღალატობდა, შვილიც არ გაუჩინა. ამ ყველაფერს ელიზბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთმინებით იტანდა, ქალს თავხედობას ჰპატიობდა, მაგრამ ბოლოს, მაინც, გამოამჟღავნა ქართული ხასიათი და ხათუთას გვერდით ტრადიციებზე დამყარებული ოჯახი შექმნა.

ელიზბარზე ხევსურეთში გატარებულმა დღეებმა დადებითი გავლენა მოახდინა, იგი შეივსო სულიერად. ქალაქში დაკარგული გაუფასურებული ტრადიციები აღიდგინა, მივიწყებული ქართული ენა განიმტკიცა და ისევ ჩაება ქალაქის ორომტრიალში, რომელზედაც ამბობს :”ბრძოლის ველი ქალაქშია და ომსაც იქ მოვიგებთ ან დავმარცხდებით. მომხვდურს დედა ციხეში უნდა დაუხვდე, მე კი იქედან გამოვიქეცი და დავიმალე.” აქ იგრძნობა მწერლის მთავარი სათქმელი, რომ უქმად ჯდომა არ არის გამოსავალი, ტრადიცია და ცივილიზაცია ერთმანეთს ისე უნდა შეეზავოს, არც ერთმა გადასწონოს და არც მეორემ, როცა ისინი სრულ ჰარმონიაშია, მაშინ შედეგსაც გამოიღებს.
ამ ნაწარმოებიში წარმოდგენილი ელიზბარის სახე ასოცირდება მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიის ბევრ დეტალთან, მწერალი რევოლუციური ხელისუფლების მხრიდან სასჯელის აცილების მიზნით ბევრჯერ წავიდასამშობლოდან, ასევე ცხოვრობდა სხვა სახელიტაც, მაგრამ უკანვე ბრუნდებოდა და ახალ_ახლი ხერხებით ცდილობდა მათთან დაპირისპირებას, ღირსეულად ებრძოდა დიქტატორულ რეჟიმს და არ ეშინოდა ”გაწითლების.” ამიტომ აღსანიშნავია ერთი ფრაზა, ამავე ნაწარმოებიდან, რომელიც გვესახება ცხოვრების ფორმულად:”ყოველივე რიალურიც, ამქვეყნიურიც, მძიმეა და მწვავე ამიტომ გაურბიხარ მას, ამიტომ ემალები და გგონია, ვითომ მართლა გაექეცი და სიზმარეთში ცხოვრება უფრო უარესია. დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა_ვერსად წახვალ!_და თვითონ გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრავს, დაგაგონჯებს გაგაგიჟებს.. ამითომ სჯობია, რომ შენვე დაუბრუნდა სინამდვილეს, რეალურს.”

ამავე რომანში ერთ_ერთი გამორჩეული მთავარი მოქმედი პირია ჯურხა, რომელიც ტრადიციების დამცველად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ სიჭაბუკის ჟამს ჯურხა ბედმა თბილისში აცხოვრა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც, სბოლოოდ იგი მაინც თავის მიყრუებულ კუთხეს დაუბრუნდა და ”ისიც კი არ ეტყობა, რომ თელავში ყოფილიყო, თორემ თბილისში ყოფნას და ევროპულ განათლებას ვინ დაუჯერებს! დღევანდელი კულტურა ქალაქის მტვერივით ჩამოირეცხა.”
ძველისძველი წეს_ჩვეულებების სიკერპით დამცველ ჯურხას ”უწმინდურივით სძულდა და ეზიზღებოდა ქალაქი.” ამ სიძულვილს რამდენიმე მთავარი მიზეზი განსაზღვრავდა. პირველი და უმთავრესი მათგანი ისაა, რომ ქალაქელობა ჯურხას ცნობიერებაში გაიგივებულია ზნეობრივ გადაგვარებასთან და ათასგვარ ადამიანური მანკიერების გამოვლინებასთან. მეორე უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ იგი მასში ეროვნული გადაგვარების საფრთხეს ხედავდა. მისი შეფასებით, ” ქართველმა თეთრი საყელო რომ გაიკეთა, რჯულიც სხვისი მიიღო.” ამიტომაცაა, რომ მას ”ჯანსაღი ველურობა” ურჩევნია ”განათლებულ გადაგვარებას.”

გარე სამყაროსაგან, ცივილიზებული ქვეყნისაგან ჯურხას უკუქცევა ერთი უმთავრესი მიზეზითაცაა გამოწვეული_მისი მკვეთრედ უარყოფითი დამოკიდებულებით რევოლუციისადმი. ”იმ ქვეყანასთან,” ქალაქთან კავშირ_ურთიერთობა იმიტომაც აშინებს, რომ ამას ”გაწითლება”, ”წითელ უღელში შებმა” მოჰყვება, რაც მისი ღრმა რწმენით, უდუ\იდესი ეროვნული უბედურებაა. ამიტომაც იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ სოფელში ”წითელი ეშმა” არ შევიდეს. ამავე მიზეზით ეწინააღმდეგება ის განათლებასაც, რომელიც ”ხევსურებსაც ქართველებსავით დაალპობს, გადააშენებს, წითელ რჯულზე გადაიყვანს.” ასე, რომ ჯურხას ცნობიერებაში ცივილიზაცია და რევოლუცია, ფაქტობრივად, ერთმანეთთან გაიგივებული ცნებებია. (ა, ნიკოლეშვილი, ”ნარკვევები მე_20 საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიიდან”, გამომცემლობა ”მოწამეთა”, ქუთაისი, 1994 წ.)

ამ ორი პერსონაჟის აღწერით, როგორიცაა ჯურხა და ელიზბარი მწერალმა, გამოკვეთა რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც ფეხდაფეხ შემოჰყვა ცივილიზაცია. ეს გარდაქმნები , როგორც ჩანს ძალზედ მტკივნეული აღსაქმელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისათვის, ძველი ტრადიციების ფონზე მათ გაუჭირდათ ახალი ცხოვრების რიტმში ჩაბმა. ან უნდა ეცხოვრათ ისე, როგორც ცხოვრობდა ელიზბარი, ან უნდა დასდგომოდნენ ჯურხას გზას.

ძალზედ განსხვავებული და ცხოვრებისეული პრობლემებით დატვირთული დამაფიქრებელი საკითხი აქვს ერთი პიროვნების ტრაგედიის ფონზე მიხეილ ჯავახიშვილს თავის მოთხრობაში ”ორი განაჩენი”.
მთავარი მოქმედი გმირი ლაზარე ჩიჩილაშვილია, მეორე სახელი ბაჩილა, როგორც ეს დამახასიათებელია მწერლის ბევრ ნაწარმოებში, ეს ფაქტორი შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ავტორს ხშირად უწევდა, საკუთარი მძიმნე ცხოვრების გამო ემიგრაციაში ყოფნისას სხვა სახელით ცხოვრება.

ბაჩილა მენახშირე იყო ” თავმომწონე, თავისუფალი, გამრჯელი და შნოიანი.” ქალაქში ხშირად დადიოდა, ნახშირს ჰყიდდა, ვაჭრობის ფხა ჰქონდა და როცა დასჭირდებოდა თავისებურ რუსულსაც მოიშველიებდა. მისი უბედურება იმ დღიდან დაიწყო, როცა რუსის გოგოს მაშიკას გადაეყარა, ცოლად მოყვანაც კი განიზრახა, მაგრამ ტრადიციების გამო მაშიკას მსგავს ქალს ცოლად ვერ შეირთავდა, ოჯახში ვერ მიიყვანდა, ამიტომ შეგუა პირვანდელ მდგომარეობას, მაგრამ სრულიად შემთხვევით შეიტყო თავისი ძმის მათეს ურთიერთობა ამ გოგოსთან და ერთხელაც, მოულოდნელად თავზე წაადგა მათ, გაცხარდა და ჩხუბის დროს საკუთარი ძმა შემოაკვდა.

ბაჩილამ ერთი წელიწადი გაატარა ციხეში, დაჭერის დღიდან თავისი სურვილით გადაიქცა საკნის მოსამსახურედ. იგი სასამართლომ გაამართლა და საპყრობილედან გამოუშვეს, მაგრამ ეს განაჩენი მისთვის უფრო მძიმე აღმოჩნდა, სინდისის ქენჯნას ვერ გაექცა, თავი ვერ დააღწია სულიერ ტანჯვას, საკუთარი ძმის აჩრდილს.
მიხეილ ჯავახიშვილმა მთელი სიმძაფრით დაგვიხატა მკვლელის ფსიქოლოგია, სულიერი წნეხი. პერსონაჟის შინაგან სამყაროში, მის ცნობიერებაში მიმდინარე პროცესები. საკანში ყოფნისას, აღწერილი სცენა ამის ნათელი მაგალითია: ”სანამ დაიძინებდა, მოუსვენრად შფოთავდა, შეწუხებულულივით შფოთავდა და ანცი ბავშვივით ტოკავდა. ძილში უცნაურ რამეს ჰბოდავდა, შიშით ძრწოდა.. მამა მომშორდა! დედილო თავი დამანებე_მეთქი! მათე! მათე!”

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მშობლებისაგან, ნათესავებისაგან გარიყულს საზოგადოებაში არ დაედგომებოდა, თავად აღარ სურდა. საკუთარმა თავმა და სინდისმა გამოუტანა მას განაჩენი სიცოცხლე თავისი ხელით მოისწრაფა.

ის ძმის მკვლელია მაშას გამო ბაჩილამ ძმას ისე ძლიერად დაარტყა კეტი, რომ იქვე მოკლა. მშობლები ბაჩილას ზედაც არ უყურებენ. მათ საღამომდე არ დაუცადეს შვილს, რომ შინ ერთად წასულიყვნენ, ე. ი. ის აღარ უნდათ... რაღა დარჩენია ბაჩილას? სამუდამო დარდი, სინდისის ქენჯნა იმაზე, რომ ვიღაც გოგოს გულისთვის ღვიძლი ძმა მოკლა, საკუთარი მშობლების ცრემლიანი და საყვედურით სავსე თვალების ცქერა, ადამიანების მიერ გაკიცხვა და შეჩვენება? ვინ მოუწონებს ბაჩილას საქციელს, ვინ აპატიებს ძმის მკვლელობას? ვინ იქნება მასთან კარგი გულით? არავინ! მაშ, რაღად უნდა გამწარებული და შეჩვენებული სიცოცხლე ძმის მკვლელს? რაღა მოასვენებს მის გულს, როგორ შეხედავს მეზობლებს, ახლობლებს... და ბაჩილას განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისთვის, იგი თავს იხრჩობს იმ აპეურებით, რომლშიც ადრე მისი ხარები იყვნენ შებმულნი.

ეს მოთხრობა მორალისტურიც არის იმ თვალსაზრისით, რომ მასში უწესობა დაგმობილია.

ნაწარმოების ფინალი ძალზედ დამაფიქრებელია, სხვისი სიცოცხლის ხელყოფა დანაშაულია, ასევეა საკუთარი თავის სიცოცხლის დასრულებაც. მართალია, ამ ადამიანს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა, მაგრამ დარჩენილი იყო ერთადერთი გზა_ეკლესიისკენ, სულიერი ტანჯვისაგან თავის დაღწევის ერთ_ერთი საშვალება, ქრისტიანულ პრინციპებთან ზიარება, რასაც შეიძლება მონანიებით და შინაგანი მეტამორფოზით მიაღწიოს ადამიანმა. თუმცა მწერლის ამგვარი განაჩენი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან უზნეობა დაგმო ზნეობის გადასარჩენად.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანში ”კვაჭი კვაჭანტირაძე” მთავარი მოქმედი პერსონაჟის მხატვრული სახის გამოძერწვით მწერალმა, ერთ_ერთმა პირველთაგანმა ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში, ფართო განზოგადებულობითა და მასშტაბურობით გამოკვეთა მედროვისა და ავანტიურისტის უაღრესად შთამბეჭდავი ტიპი.
(ა. ნიკოლეიშვილი, ”ნარკვევები მე_20 საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიიდან”, გამომცემლობა ”მოწამეთა”, ქუთაისი, 1994 წ.)

კვაჭის ბუნების მთავარი თვისებაა ისაა,რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ყოველგვარი გარემოება. ეს ნიშანთვისება ამ პერსონაჟს ბავშვობიდან ბოლომდე გასდევს და სწორედ ქუთაისშივე, გიმნაზიის წლებშივე, ახალგაზრდა კვაჭიკო დგამს თავის პირველ ნაბიჯს. რომანის ამ თავს მწერალი სწორედ ასე უწოდებს:” ამბავი პირველი ნაბიჯისა.” ეს ნაბიჯი კი იმაში მდგომარეობს, რომ თავისსავე ამხანაგს, გიმნაზიელს_ბერძენ კაროპულოს საღორიის ტყეში მუხანათურად შეიტყუებს, წინასწარ გაფრთხილებულ ”ყაჩაღებს” ჩაუგდებს ხელში, თითქოს მასაც მოსდევენ დასაჭერად, მაგრამ თავს დაიძვრენს და ქალაქში დაბრუნებული ”წუხს”, ”მოთქვამს”, ”თავს იკლავს”, რადგან მეგობარი განსაცდელში დატოვა. სინამდვილეში კი ბერძენი კვაჭიმ ფულის გამოძალვის მიზნით გააბა მახეში.

მალე კიპრიანეს მდიდარი მამ დეპეშას მიიღებს, მორიგდებიან და 10 000 მანეთი კვაჭისა და მისი გაიძვერა თანამზრახველების ჯიბეში ჩაცურდება. კაროპულოს ოჯახი კი საჩქაროდ უცხოეთში გაემგზავრება.

გიმნაზიის ბერძნული ენის მასწავლებელი სირადისი მერვეკლასელებს ჩაჭრის საფრთხეს უქმნიდა გამოცდაზე. :მას არც ძალთა ურთიერთობაში მომხდარი ცვლილება სწამდა, არც ”ზაფხული” და ”არც კომიტეტი”, ამიტომ კვაჭიმ ასეთ ხერხს მიმრთა: სირადისს გაუგზავნა მუქარის წერილი, რომელზეც გამოხატული იყო თავის ქალა, კუბო და დამბაჩა. წერილის შინარსი კი ასეთი გახლდათ:” მერვე კლასის არც ართი მოწაფე არ უნდა ჩაიჭრას. თუ თანახმა ხართ, დღეს საღამოს რვა საათზე ბულვარზე დაგვენახვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩევთ ეხლავე დაიმზადოთ კუბო.” მთავარი ის კი არაა, რომ მასწავლებელი პოლიცაიში მიდიოდა და ამის გამო კვაჭის ამხანაგებამ ისე ”ბრიგვეს” და იმდენი ურტყეს, სანამ არ დაიძახა: ”არავინ არ ჩაიჭრებაო,” არამედ ის,რომ ამ წერილს ხელს აწერდა ”ანარქისტ_სკანდიკალისტ_სოციალისტების მთავარი კომიტეტი”. ეს გახლდათ კვაჭის სიყალბე, გარემოს თავის სასარგებლოდ გამოყენების უნარი.

კვაჭიმ გემო გაუგო იოლად ნაშოვნ ფულებს. ის მიეცა აღვირახსნილ ცხოვრებას, ლოთობას, გარყვნილებას. ამას კი ისევ და ისევ ფულები სჭირდება. კვაჭიც ახალ საკბილოებს ეძებს. მისი მსხვერპლი ხდება ვინმე ვოლკოვის ქვრივი, რომელსაც ასეთი წერილი მიუვიდა:” სამ დღეში დაგვიმზადეთ სამი ათასი მანეთი წინააღმდეგ შემთხვევაში ეხლავე შეუკვეთეთ კუბო.” ამ წერილსაც ამშვენებდა ”კუბო, თავის ქალა, ხანჯალი და დამბაჩა.” რაც მთავარია, ხელის მოწერა იყო ისეთი, რომ მოხუცი ქვრივის გული კია არა, ქვასაც გახეთქდა: ”ანარქისტ_სინდიკალისტ_სოციალისტების მთავარი კომიტეტი.” კვაჭიმ ამ სიტყვების მნიშვნელობაც კი არ იცოდა, მაგრამ ის კარგად ესმოდა, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს სიტყვები სამსხვერპლოზე.

”კვაჭი კვაჭანტირაძეში” ავტორი გვიჩვენებს მთელ ისტორიულ ეპოქას, რუსეთის იმპერიისა და მისი ნაწილის_საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას 1905 წლის რევოლუციისა და მისი მომდევნოხნის, პირველი იმპერიალისტუროი ომის, ტებერვლის რევოლუციის, ოქტომბრის რევოლუციის, საქართველოში მენშევიკების ბატონობისა და ბოლოს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი დღეების პერიოდში.
მთავარი ისაა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ამ დიდი იტორიული ეპოქის ყოველ ეპიზოდს გვიჩვენებს მართლად ამჩნევს დამახასიათებელ მოვლენებს, ძირითადად, განმსაზღვრელ ამბებს და ამ ფონზე, ამ გარემოში ამოქმედებს თავისი რომანის გმირებს.

რომანში გვხვდება ისტორიულად არსებული პირები: ნიკოლოზ მეორე, დედოფალი, გრიშკა რასპუტინი, სამხედრო მინისტრი სუხომლინოვი და ა.შ. აქვე მრავლად არიან გამოგონილი გმირებიც: კვაჭი, ბესო და სხვ. ამ ისტორიულ და მწერლის ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟთა შორის მჭიდრო ურთიერთობაა და რომანში ისინი ერთნაირად საჭირო, აუცილებელ დატვირთვას ეწევიან.

შეუძლებელია გვერდი ავუაროთ რომანის იმ ეპიზოდებს, სადაც მეფე და დედოფალი თითქმის ყეყეჩებად, მერყევი ხასიათის, ბეც პოლიტიკოსებად არიან ნაჩვენები. ამავე დროს ისინი ზნეობრივადაც გარყვნილები არიან, განსაკუთრებით დედოფალი. მეფე მშიშარა და მხდალია, მას გრიშკა რასპუტინი და დედოფალი ძალით, მუქარით ტოვებენ ტახტზე, რომლის დათმობაც შიშით შეპყრობილ თვითმპყრობელს რამდენჯერმე გადაუწყვეტია.

გრიშკა რასპუტინის გარყვნილი, ბუნების გაშიშვლება, მისი ბინძური ხორცისა და სულის ასეთად წარმოდგენა ლახვარს სცემს თვითმპყრობელობას, მის სახელს. მკითხველი ადვილად მიდის შემდეგ დასკვნამდე: თუ მეფესა და დედოფალზე, მინისტრებზე და მთელ სახელმწიფოზე, უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ისეთი ზნედაცემული პირუტყვი, როგორიც რასპუტინი იყო, რაღა ვილაპარაკოთ ასეთ ხელისუფლებაზე, ასეთ სახელმწიფოზე, ასეთ წესწყობილებაზეო. ეს არის ცარიზმისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

მაგრამ განა მარტო მეფე და დედოფალი და მათი მესია, სულიერი მამა გრიშკა არიან ასეთი? მთელი სახელმწიფო აპარატი გადაგვარებულია. სამხედრო მინისტრ სუხომლინოვიდან დაწყებული სხვა დანარჩენი მოხელეებით გათავებული ყველანი მლიქვნელნი, გამყიდველნი, ლაქუცები, ფარისევლები და უზნეონი არიან. ეს მდგომარეობა მწერალმა კარგათ გააშიშვლა როგორც სამეფო კარზე კვაჭისა და გრიშკას სტუმრობის ეპიზოდში, როცა დარბაზში თავმოყრილი მოხელენი ასე ორად იკაკვებიან წელში, კისრებს იგრძელებენ და ცდილობენ როგორმე გამოჩნდნენ, რათა ეგებ წყალობა მიიღონ და ცოტათი მაინც ზემოთ აიწიონ სამსახურეობრივ კიბეზე. ისე სხვა ეპიზოდებშიც, მაგალითად, რასპუტინის საყვარელი ქვრივის ოჯახში მოწყობილი თავყრილობისას, როცა გრიშკას თვალების ბრიალითა და ბნედიანი ლუღლუღის წყალობით ზოგი მინისტრი იხსნება, ზოგი ინიშნება და ა. შ.

რა სახელმწიფოა ეს, რა საზოგადოებრივი წყობილებაა ეს, სადაც ქვეყანას ასეთი ადამიანები განაგებენ?

მიხეილ ჯავახიშვილმა არ დაინდო სასულიერო წოდებაც, რომელიც ცარიზმის ერთ_ერთი ბურჯთაგანი იყო. რომანში ეს წოდება გამათრახებულია არა მარტო მისი მამამთავრის რასპუტინის ესოდენ პირუტყვად გამოყვანით, არამედ სინოდის სხვა წარმომადგენლების, ეპისკოპოსებისა და არქიმანდრიტების გაიძვერა, ხარბი, გაუმაძღარი და მუში სახეების დახატვითაც. მათ ქრისტეს რწმენა მხოლოდ ნიღბად და საფარად გაუხდიათ, რათა თავიანთი კარიერისტული, ბატონ_კაცური, უძღები სურვილები დაიკმაყოფილონ.

მწერალი თავის რომანში აშიშვლებს იმ საზოგადოებრივ მორალსაც, რომელიც ცარიზმის პირობებში იყო გაბატონებული. ამ საზოგადოებაში ადამიანს ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა, როცა მას აქვს ქონება და ძალა_უფლება, როცა მას ხელისუფალნი წყალობის თვალით უყურებენ. როგორც კი ადამიანს საქმე ოდნავ გაუმრუდდება, ყველა ზურგს აქცევს, ყველა უკეტავს თავისი სახლის კარს.. გავიხსემოთ კვაჭის დროებითი მარცხი პეტერბურგში. მას ზურგი შეაქციეს მინისტრებმაც, მოხელეებმაც, ვაჭრებმაც და ქალებმაც კი. აგრეთვე გავიხსენოთ რომანის ის ეპიზოდები, სადც მეფე და რასპუტინი კვაჭის სწყალობენ და ის მლიქვნელობა, ლაქუცი, რომლითაც კვაჭის მაშინ ხვდებიან მინისტრებიც, ვაჭრებიც, მოხელენიც, ქალებიც... ჩვენ ვხედავთ, რომ იმ საზოგადოებაში ადამიანს კი არა აქვს ღირებულება, არამედ მის ფულს, მის ძალას... თვითონ ადამიანი კი ჩალის ფასადაც აღარ ღირს, როცა ყველაფერ ამას მოაკლდება.

კვაჭიმ ერთ ადგილას სამხედრო მინისტრისა და რასპუტინის გული მოიგო იმით, რომ მათ შესახებ ქება_დიდებით აღსავსე წიგნები დაწერა. ამ ლაქუცურმა ნაბიჯმა კვაჭს იმჟამად შერყეული მდგომარეობა განამტკიცა, რადგან ორივე გვმი დიდად კმაყოფილი დარჩა კვაჭიკოს ”მოღვაწეობით”.

თვითონ მწერალი რომანის ტექსტში რამდენჯერმე გამოჩნდება, როგორც ნაწარმოების პერსონაჟი. მაგალითად, კვაჭი მამას მკვდრად რომ გამოაცხადებს, თვითონ ფეხს, რომ დაიზიანებს და ამ კომბინაციებით დამზღვევი ოგანოებიდან თანხების გამოძალვა რომ აქვს განზრახული, რასაც ნაწილობრივ მიაღწევს კიდეც, რომანის ამ თავში ”ავადმყოფ” კვაჭისთან მოდის დაზღვევის ინსპექტორი მიხეილ ჯავახიშვილი. მომდევნო ეპიზოდებში იგივე პირი კვაჭის კიდევ ხვდება. მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა, ამგვარად, თავის რომანში შემოიყვანა პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილი.
აღნიშნული ხერხით მწერალი ერთხელ კიდევ ადასტურებს და შემოქმედებითად ანაღდებს თავის სიტყვებს_”კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭიო.” მართლაც, რომანის აღნიშნულ ეპიზოდში კვაჭი ხვდება მწერალს. მან თავისი კვაჭობით დაზღვევის ინსპექტორი მიხეილ ჯავახიშვილი კინაღამ მოატყუა და თანხა ამოსცანცლა.

მედროვე კვაჭის უხამსობა, მისი ქამელეონობა კიდევ უფრო მოხდენილად გამოააშკარავა მწერალმა ერთ ეპიზოდში. კვაჭი თავის ამხანაგებს სერიოზულად ეუბნება:”პოლიტიკა ძლიერ წააგვას ძროხას. ზოგნი მას აძოვებენ, ზოგნი კი წველიან და რძეს და კარაქს მიირთმევენ. ჭკვიანი კაცი არც სისხლს გაიმეტებს და არც ოფლს დაღვრისძროხის დევნაში. დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვინ, მოუარონ, ჩვენ კი იგი უნდა მოვწველოთ და მისი კარაქით გავსუქდეთ.. ნურც ძროხის ფერს იკითხავთ: თუნდ შავი იყოს, თუნდ თეთრი, თუნდ წითელი.. თვალი უნდა გეჭიროთ, რომე დროზე გადახვიდეთ გამარჯვების მხარეზე. დროზე მიაფურთხოთ დაძლეულს და მძარცველსაც დროზე მიულოცოთ.”

როგორც კი ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, კვაჭიმ დროის შესაფერისი ახალი ორგანიზაცია დააარსა. ეს არის ”წითელი რევოლუციის დამცველთა საზოგადოება”. პირველ ხანებში, როცა ”ახალ ხელისუფალთ მისი გასაჩხრეკი დრო არ ჰქონდათ,” კვაჭის ბუნებაში ყველაფერი ძველებურად ხდებოდა: იხვეჭდნენ, მდიდრდებოდნენ, ითვისებდნენ... მაგრამ მალე კვაჭობას ბოლო უნდა მოეღოს. ეს იგრძნეს კვაჭიმ და მისმა ამხანაგებმა და სიფრთხილეს უმატეს. ახალი მთავრობა მოსკოვში გადადის, კვაჭისაც სურს მასთან ერთად წასვლა, მაგრამ სულმა წასძლია, ორიოდე საქმე ჰქონა ”გასაიმასქნებელი” და დააგვიანა.

მეხმა მაშინ იჭექა კვაჭის თავზე, როცა საღამოს გაზეთი გადაშალეს და წაიკითხეს:” რევოლუციას აგრეთვთე თავადი კვაჭანტირაძე მიეკრო, რასპუტინის მეგობარი და მეფის ერთგული მსახური, რომელმაც.” ეს მოასწავებდა კვაჭიკოს დასარულს, კვაჭის აქ აღარ ედგომებოდა.. უნდა გაიქცეს. მოსყიდვით ორვაგონიან მატარებელს იშოვნიან, შიგ ჩაბრძანდებიან, ვითომ დავალებული აქვთ ”რევოლუციისადმი სალდათების მატარებელთა მოძრაობის მოწესრიგება.” გზას გაუდგებიან, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციას თავისი კანონები და წესები მოაქვს. იგი კისერს უგრეხს ყოველგვარ გაიძვერულსა და მრუდს.. კვაჭისა მის მეგობრებს თავს დაესხმებიან ჯარისკაცები, რომელთაც მატარებლი პურივით სჭირდებოდათ და მათ ძირს გადმოყრიან. მთელი სიმდიდრე, ღვინო, კონიაკიები და ათასი ძირფასი სასმელი ვაგონში დარჩა. კვაჭი და მისი მეგობრები დაემსგავსნენ წყლიდან ხმალეთზე ამოყრილ თევზებს და უმწეო ფართხალი დაიწყეს.

კვაჭი თეთრებთან მალე დაამყარებს კავშირს და მათ სარდალს არწმუნებს, რომ მენშევიკურ საქართველოს და თეთრებს საერთო მტერი ყავთ_წითლები...ამიტომ ისინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან. თუმც არავის წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ მომავალზე ფიქრმა გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი
.
მოვლენებმა სწრაფად იწყეს განვითარება, საჭიროა გარკვეული გზის პოვნა კვაჭი მერყეობს თეთრებს მიემხროს თუ წითლებს? წითლებს ის ვერ დაენახვება ზურგზე ბევრი ცოდვა აწევს.. კვაჭის მერყევი პოზიცია, დაბნევა პოლიტიკური ალღოს დაკარგვა ოსტატურად აქვს დახატული. კვაჭი გამწარებით გაიძახის ”თეთრები ვუის მოგვიტანენ, წითლები ვაის შეგვაყრიანო.” მწერალი კითხვებს უსვამს: ”ეს არის შენი გადაწყვეტილება? მაშ რა გინდა? ვისთან აპირებ თავის შეხიზვნას? ალბიონთან?” კვაჭი ჯიუტად იძახის: არც აქეთ არც იქეთ მეგანზე ვდგავარო.

რომანის დედააზრის მიხედვით მოსალოდნელი იყო, რომ კვაჭიც უნდა დაღუპულიყო, ფიზიკურადაც უნდა მომკვდარიყო, ნაწარმოების სიუჟეტის ლოგიკური მიმართულება ისეთია, რომ ასეთი დასასრული სრულიად ბუნებრივი იქნებოდა. მაგრამ განა არ დიაღუპა კვაჭი? რაღაა მისი სიცოცხლე, რაღას წარმოადგენს ის? ბედმა მას წილად ისღა არგუნა, რომ კასრივით დამრგვალებულ ლიზა ხანუმს ხორციელი ჟინი დაუოკოს, რისთვისაც იცი გასამრჯელოს იღებს... ამაზე მეტი დაცემა, ამაზე უფრო დაქვეითება, შერცხვენა და მწარე ხვედრი რაღა შეიძლება მოიძებნოს. კვაჭი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის საქმეებს აკვარახჭინებდა, რომელმაც მეფის კარზეც კი ინავარდა, რომელსაც არც სილამაზე აკლდა, ახლა ვიღაც ლიზა ხანუმის ხასაა, დაქირავებული მამალია...

ამრიგად, მწერალმა გაცილებით მწარე განაჩენი გამოუტანა თავისი რომანის მთავარ გმირს, ვიდრე ის იქნებოდა, რომ ბოლშევიკებს დაეხვრიტათ, ან ციხეში ჩაელპოთ. თვითონ კვაჭიც გრძნობს თავის სავალალო მდგომარეობას და ცხვირჩამოშვებული დადის,”დაბორიალებს და გულში იღრინება,” ”ზოგჯერ გულის დარდს ბესოს გადაუშლის და ქვრივი დედაბერივით აწუწუნდება, ზოგჯერ კი ქყრდულად კუთხეში მიიმალება, აკვნესდება და ჩუმად აცრემლდება”.

დამახასიათებელია რომანის ბოლო სტრიქონები, რომლებშიც მწერალი თითქოს კითხვებით მიმართავს კვაჭს: რა გატირებს, რად გიკვნესის ეგ ჭრელი გული, რად გეუბნება ეს მჭრელი თვალები, რად გეჭმუხნება ეგ გაშლილი შუბლიო. მწერალი იქვე ერთხელ ამხელს კვაჭის ბუნებას: შენც არ იცი რა გინდაო.

რომანის ბოლო სტრიქონები ცალ_ცალკე ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ მათი საერთო აზრი, ჩვენი ფიქრით, ასეთია: ადამიანი რომელსაც არც სამშობლოს სიყვარული და მისი ინტერესები ამოძრავებს, არც მეგობრობა და ადამიანებისადმი გულრწფელი სიყვარული გააჩნია, ადამიანი, რომელსაც ყველას და ყველაფერს ყოველთვის თავის სასარგებლოდ, სარფის მიზნით, პირადი სიამოვნებისა და კაპრიზების დასაკმაყოფილებლად იყენებს, ღირსი არაა არც შებრალებისა, არც თანაგრძნობისა. ასეთი ადამიანი არც იმის ღირსია, რომ სამშობლოში დარჩეს, მისი მიწა ტკეპნოს. კიდევ მეტი, ასეთი ადამიანი იმის ღირსიც კი არაა, რომ მშობლიური მიწა დაეყაროს მას. ეს ყველაზე მწარე გამეტებაა, ყველაზე დაუნდობელი გულიდან ამოგლეჯაა. კვაჭი ამის ღირსი იყო და, რასაც იმსახურაბდა, ის მიეზღო კიდეც. (ტ. კვანჭილაშვილი,”მ. ჯავახიშვილის შემოქმედება”, გამომცემლობა ”განათლება”, თბილისი, 1966 წ.)

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში ცალკე თემედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ქალთა სახეები, მწერალი უდიდესი ოსტატობით აგვიღწერს და აწვდება ქალის ფსიქოლოგიას, ასევე ასახავს თუ რა გარდამტეხი როლი ითამაშა რევოლუციურმა წყობილებამ მათ ცხოვრებაზე.

”ჯაყოს ხიზნებში” მთავარი მოქმედი პერსონაჟია მარგარიტა ყაფლანიშვილი, რომელიც უკანასკნელი შთამომავალია თავისი გვარისა, თავადი, უაღრესად განათლებული. მაშინდელი დრო და რევოლუცია იქცა მარგოს ცხოვრებაში პიროვნული ტრაგედიის და მისი ოჯახის უბედურების დასაბამად. ფუფუნებაში მცხოვრები ქალი ვერ შეეგუა მეუღლის გაღატაკებას, თუმაცა მის მეორე ნახევარსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. სიდუხჭირესთან ერთად მოაკლო სითბო, სიყვარული, ალერსი და ერთფეროვანი ცხოვრება შეუქმნა, რაც ქალისთვის ყველაზე მეტად საძულველი და გამაღიზიანებელია.
მარგო, პირველ რიგში ქალია ამასთანავე, სუსტი ნებისყოფის, რომელმაც ვერ შეძლო გაღატაკების, ქმრის უძლურების გაძლება და ამ ყველაფრის ფონზე გახდა ჯაყო ჯივაშვილი ”ხასა”. იგი მიიჩნევდა, რომ ამით მის ტანჯვას ბოლი მოეღებოდა, მაგრამ ამაოდ, მხვერპილი გახდა ტყიური ჯაყოსი, რომელმაც საბოლოოდ დაიმორჩილა და დაიმონა.

ჯაყოს გვერდით ფუფუნებაში ცხოვრებაც ხანოკლე აღმოჩნდა, ჯაყომ მარგოს ისეთივე უღელი დაადგა, როგორიც წინა ცოლებს_ ამუშავებს, საფქვავს აზიდვინებს, ტანჯავს, პირუტყვივით ექცევა. მარგო ძლივსღა დალასლასებს, აჩრდილს დაემსგავსა და გამწარებულ სულს ძლივსღა დაათრევს.

ფუფუნების ფარჩების, მზარეულების, პირფარეშების, ნუგბარი საჭმელების და ათასი დაპირების ნაცვლად, რასაც ჯაყო ასე გულუხვად იძლეოდა,_ მარგოს შერჩა ცემა, და ჯაფა, დამცირება და წამება.

არსებობს შემდეგი მოსაზრება, რომ ჯაყოს სახით ავტორმა დაგვიხატა ”რევოლუციური წყობილება”, თავისი გარდაქმნებითა და ”გატარებული რაფორმებით.”
თეიმურაზის დაცემა_გაპარტახებით მწერალი გვიჩვენებს ერის სასიცოცხლო ენერგიის დაშრეტას ახალი რეჟიმის პირობებში.

მარგოს გათავისუფლების მოლოდინი გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე საზოგადოდ სიწმინდის გათავისუფლებას. თუმცა ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ მარგოს ბედის დასასრული აშკარას ხდის მიხეილ ჯავახიშვილის დამოკიდებულებას მარგოსადმი: იგი გმობს იმ ქალის სიმსუბუქესაც, უპრინციპობასაც, ქარაფშუტობასაც, და უღირს საქციელს, რაც მან ჩაიდინა.

მართალია, მარგო მხოლოდ თავისი კლასის დაცემული ნაწილის წარმომადგენელია, მართალია, იგი ნაკაცარის ნაცოლარი და თვითონაც ”ნაქალარია”, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი გმობს მის საქციელს და სამაგიეროს იმით მიუზღვავს, რომ სასტიკად სჯის. ეს არის საკითხის ლოგიკური გადაწყვეტა, ეს არის ისეთი ადამიანების ხვედრი, როგორიც მარგო იყო.

ეს რომანი ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს მწერალი რევოლუციისადმი თანადგომას გამოხატავს და მის გარდამქმნელ როლს უჭერს მხარს, მაგრამ ნაწარმოებში საკმაოდ მძაფრად და არაორაზროვნად გამოვლენილი ოპოზიციური იდეები ეჭვმიუტანლად გვიმტკიცებენ იმ თვალსაზრისს, რომ ” ჯაყოს ხიზნები” საბჭოთა იდეოლოგიასთან დაპირისპირებული რომანია. (ა. ნიკოლეიშვილი ”მე_20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ნარკვევები, გამომცემლობა, ”მოწამეთა”, ქუთაისი”, 1994 წ.)
მარგოსაგან განსხვავებით არანაკლებ საინტერესო ქალთა სახეები წარმოგვიდგინა მწერალმა თავის რომანში ”თეთრი საყელო” ავტორმა ორი რადიკალურად განსხვავებული ქალი დაუპირისპირა ურთიერთს, როგორიცაა ცუცქია და ხათუთა. მათ შორის უდიდესი კონტრასტია, როგორც ვიზუალური ასევე შინაგანი. ერთი ტანმორჩილი ქალია, სუსტი, ხოლო მეორე_ერთიანად სავსე და ძლიერი.

ცუცქია იმდროინდელი გადაგვარებული ქართველი ქალის სახეა, არატრადიციული, რევოლუციურ გარდაქმნას თავისი უარყოფითი კვალი დაემჩნია ვერც ქართულ ენას ფლობდა გამართულად და ვერც რუსულს, ”ერთს, რომ ქართულად იტყოდა, ორს რუსულს დაურთავდა,” მაგრამ ისეთი მოხერხებული აღმოჩნდა, სრულიად შემთხვევით და იოლად მოახერხა ტრადიციულ ოჯახში გათხოვება. ქალთა კუბის წევრი იყო და ქმარს მუდმივად თანასწორობაზე ესაუბრებოდა. ”თანასწორობა სავსებით განახორციელა.” სახლს არასოდეს ალაგებდა, სამსახურს თავი დაანება და ქმრის კმაყოფაზე ცხოვრობდა, შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ ელისბარს არასდროს ეუბნებოდა სად ან ვისთან დადიოდა. ღალატსა ახერხებდა და არასასურველი სტუმრაბის მიღება_გასტუმრებასაც. ცუცქია უნაყოფო ხე იყო, შვილის გაჩენა არ უნდოდა, ბავშვი ზედმეტ ტვირთად მიაჩნდა და ეშინოდა მშობიარობას არ გადაჰყოლოდა, ამიტომ ეგოიზმით შეპყრობილმა ქალმა მუცელი მოიშალა.

რადიკალურად განსხვავებული სახეა ხათუთა, ცუცქიას მეტოქე, ტრადიციების დამცველი ხევსური ქალი. ის მამაცი, გამძლე, დედაკაცია.

ხევსურული ადათის მიხედვით იქაური ქალები ბოსელში მშობიარობენ, რადგან ქალი მოლოგინების პერიოდში უწმინდურად ითვლებოდა და მასთან მიკარება ყველას ეკრძალებოდა, შესაბამისად იქაური ქალები, ბოსელში მარტო მშობიარობდნენ, ხათუთაც არ ღმოჩნდა გამონაკლისი, სიცივესა და ყინვაში იქ იმშობიარა და ელიზბარს მემკვიდრე აჩუქა.

”ხათუთას სიტყვა ”თანასწორობაც ” არ გაუგია.. დედამთილს საქმეს ”მშიერი მგელივით” სტაცებდა ხელიდან, სულ იმის ფიქრში იყო მეუღლისთვის, როგორ ესიამოვნებინა.
ამ ორი ქალის დაპირისპირებით მიხეილ ჯავახიშვილმა დაგვანახა, რომ ქართველმა ქალმა არ უნდა დაკარგოს პირვანდელი სახე და არ დაემსგავსოს უნაყოფო ხეს, რომელსაც მომავალი არა აქვს.

ქალთა პერსონაჟებიდან მოთხრობაში ”დამპატიჟე”, ძალზედ საყურადღებო სახეა მაკინე. ავტორი აქ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალის ბუნებას, ის გაუნათლებელია, ბევრი არაფერი გაეგება ამ ქვეყნის, არც სამართალი უნახავს ოდესმე, მაგრამ ქალური ალღო ჰკარნახობს, მაინც გრძნობს, ”რომ სამართალი მუდამ სტყუის საქმესთან.”როცა მათ ქონებას მოწილე გამოუჩნდა, მოსავალი გაუნახევრა, ქალი შეუცდინა და სამართალი არსად სჩანდა, მან მაინც, იპოვა გამოსავალი და შემდეგი რამ გათვალა, მის ქმარს ასეთი გეგმა გააცნო. ქალშვილის მითხოვება განიზრახა მათ მოწილეზე:”ბაბალესაც უბედურებას ავაცდენთ და ნამუსს შევინახავთ... გარდა ამისა ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო. ბარემ ისევ ჩვენი ქალისა და იმის შვილის კერძი გახდესო..”

მწერალი თითქოს აღფრთოვანებულია მაკინეს ასეთი გამჭრიახობით, მაგრამ მაინც აკრიტიკებს, როგორც ქალს...”დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. შეუჩნდება შეეპარება, სულსა და სისხლში ჩაეღვრება ბუზის ოდენას უკბენს, მერე მოჰყვება და იმ ნაკბენით მამაკაცს თავის აზრითა და ნებით გაავსებს და უთუოდ თავისას გაიტანს.” ამ კონკრეტულ მონაკვეთში ასახულია ქალის უპირატესობა, სიძლიერე, მართლაც ისე მოხდა მაკინემ ქალი თავის ჭკუაზე გადაიბირა, ოჯახს შერცხვენა აარიდა, როგორც დაგეგმა საქმეც ისე მოაწყო.

მიხეილ ჯავახიშვილმა თავის შემოქმედებაში მკვეთრად ასახა პერსონაჟთა სახეების მთელი გალერეა, რომლებიც წარმოადგენენ მაშინდელი ეპოქის რეალისტურ სახეს. ჯავახიშვილი არა მარტო მწერალი, არამედ დიდი ფსიქოლოგია, რადგან კიდის_ კიდემდე იცნობს და სწვდება ადამიანთა ფსიქიკას.
 მის ნაწარმოებებს ფონად გასდევს მორალისტურ_ზნეობრივი საფუძვლები, ამიტომაცაა მისი გმირები ასეთი შთამბეჭდავი, თვალშისაცემი, ხოლო ნაწარმოებებში განვითარებული მოვლენები ცხოვრებისეული სიცხადით , დაუფარავადაა გაშიშვლებული და წარმოდგენილი, რაც მკითხველთათვის დამაფიქრებელი და ზეგავლენის მომხდენია.


ქეთევან ლებანიძე,   საკონფერენციო ნაშრომი (2011წ.)


0 comments: